გარი ნევილი - „დიდი ექვსეულის“ გუნდებს ქულები უნდა ჩამოერთვათ #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა გააკრიტიკა ის ინგლისური კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ საფეხბურთო სუპერლიგის პროექტში.
„მე არ ვარ საფეხბურთო ტურნირების მოდერნიზაციის წინააღმდეგი. ჩვენ გვაქვს პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ მსგავსი პროექტების წამოწევა კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – უბრალოდ, სამარცხვინოა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „დიდი ექვსეულის“ დანარჩენმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც ამ პროექტს მოაწერეს ხელი, პრემიელიგის სხვა კლუბები მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენეს და ამიტომაც, უნდა რცხვენოდეთ საკუთარი საქციელის.
უნდა დაისაჯოს ექვსივე კლუბი. მათ ქულები უნდა ჩამოერთვათ“, – განაცხადა ნევილმა Sky Sports-ის ეთერში.
ადრე დაიწერა, რომ სუპერლიგის შექმნას მხარს უჭერენ – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.