გარეთ საუთგეიტი - ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT
გარეთ საუთგეიტი - ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის წილისყრის შემდეგ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, დატოვებს თუ არა თანამდებობას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობაზე წარუმატებლობის შემთხვევაში ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია საუთგეიტთან თანამშრომლობას შეწყვეტს. 53 წლის სპეციალისტს ასოციაციასთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს.

„ახლა მხოლოდ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, გვაქვს უნარი, კონტინენტის პირველობა მოვიგოთ, ჩემი მიზანი მხოლოდ ესაა. მომავალთან დაკავშირებით სხვა ფიქრი ამ მომენტისთვის არ მაქვს.

ტურნირის დასრულებიდან დეკემბრამდე არის დრო, რათა დავფიქრდეთ და ინგლისის ნაკრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ. მანამდე ნებისმიერი მოქმედება, შესაძლოა, გუნდისთვის ცუდი შედეგის მომტანი იყოს“, – განაცხადა საუთგეიტმა.

ინგლისის ეროვნულ გუნდს გარეთ საუთგეიტი 2016 წლის სექტემბრიდან წვრთნის. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან „სამი ლომი“ ნახევარფინალში გაიყვანა, რაც საუკეთესო შედეგი იყო მუნდიალზე 1990 წლის შემდეგ. ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრებმა ფინალში ითამაშა და იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.