გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით“ საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს გეოლოგიური საფრთხეების მართვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას.
„პროექტის ფარგლებში ვიშეგრადის ქვეყნების გეოლოგიური უწყებების წარმომადგენლები საქართველოში ათდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა და მიმდინარე პროექტები წარადგინეს.
სამუშაო პროგრამა საველე ვიზიტებსაც მოიცავს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, სადაც მეწყრული პროცესების კერებს გაეცნენ და გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და მონიტორინგის მიმართულებით გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.
დაგეგმილია ასევე თუშეთის რეგიონის მონახულება, სადაც მონაწილეები მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მართვის პრაქტიკულ ასპექტებს გაეცნობიან.
გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის გეოლოგიის სფეროში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციები. საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, უწყებებს შორის გამოცდილების გაცვლასა და პროფესიული კავშირების გაძლიერებას“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.