გარემოს ეროვნული სააგენტო – სოფელ კურსებში მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე 2026 წლის 12 მარტს მეწყრული სხეული განვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
„ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.
ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და გზის ორი მონაკვეთი, აქედან ხუთი ოჯახი გასახლებულია.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.