გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში რაპანას პოპულაციის სამეცნიერო კვლევას იწყებს
გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში რაპანას პოპულაციის სამეცნიერო კვლევას იწყებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, პირველად საქართველოს საზღვაო სივრცეში, შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.

რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონში რესურსის რაციონალური მენეჯმენტისთვის, რომლის საფუძველზე დადგინდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომისა და ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, რაპანას კვლევა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიისა (GFCM) და პროექტ BlackSea4Fish-ის ფარგლებში ხორციელდება. კვლევაში, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას.

„ექსპედიცია, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში განხორციელდება და ნიმუშების აღება მოხდება წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე. აღნიშნული კვლევა თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით განხორციელდება, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

დატოვე კომენტარი