თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში განისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისში 2.2-ჯერ. ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო განვითარებული სინოპტიკური პროცესით-საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 17 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და რუსთავში – 1.5-ჯერ. 18 მაისს თბილისში წერეთლის გამზირსა და რუსთავში 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 18 მაისს დაფიქსირებული ნორმაზე გადაჭარბება ასევე გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით. 19 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქუთაისში 1.4-ჯერ. 14, 15 და 20 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქუთაისში 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ამასთან, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ ლოკაციაზე აიღეს: ნუცუბიძის ქ.N40ა, N63 საბავშვო ბაგა-ბაღთან; ნუცუბიძის II მიკრორაიონი, სკოლასთან ,,მწიგნობართუხუცესი“; ნუცუბიძის IV მიკრორაიონი, N192-ე ბაგა-ბაღთან; ჟღენტის ქ.N39, ბაგა-ბაღთან ,,ბავშვთა სამყარო“. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.