გარემოს ეროვნული სააგენტო – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
სააგენტოს ცნობით, მათი სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.
აღნიშნული განგაშის სისტემა მდინარე დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.