გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში ათი ავტომატური სადგურით ფართოვდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში ათი ავტომატური სადგურით ფართოვდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და სამი მობილური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.
„მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), ოზონის (O3), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ნახშირბადის მონოქსიდისა (CO) და მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობები. აღსანიშნავია, რომ სადგურები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით და ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.