გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელ ჩინურ კომპანია „ჯორჯია ინდუსტრიალ დეველოფმენთს“ ამოწმებს  
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელ ჩინურ კომპანია „ჯორჯია ინდუსტრიალ დეველოფმენთს“ ამოწმებს  

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანია „ჯორჯია ინდუსტრიალ დეველოფმენთს“ ამოწმებს. დეპარტამენტმა კომპანიის სალიცენზიო არეალის შემოწმება დაიწყო და პროცესი 24 დღე გაგრძელდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩინურ კომპანიაზე ხე-ტყის დამზადების ლიცენზია ისე გაიცა, რომ ტერიტორიის წინასწარი შეფასება, მერქნული რესურსის აღრიცხვა არ განხორციელებულა.

„მსგავსი მანკიერი პრაქტიკა იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც, სადაც ლიცენზიები ქაოტურად,  წინასწარი შეფასების გარეშე გაიცემოდა. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ლიცენზიანტებს მითითებული მარაგები ადგილზე არ ხვდებათ და მათი მხრიდან ხე-ტყის უკანონო მოპოვება სხვა ადგილზე ხდება“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ხე-ტყის დამზარების ლიცენზიანტების კომპლექსური მასშტაბური შემოწმება დაიწყო. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში.

„თუკი შემოწმებისას ლიცენზიანტების მხრიდან ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდება და ასეთი სხვადასხვა რეგიონში არაერთია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეწოდებათ ინფორმაცია, დაიწყონ სისხლის სამართლებრივი გამოძიება. ასევე, დაწყებულია არაერთი ლიცენზიანტის საქმეზე წარმოებები და მსგავსი მიდგომები იქნება სამეგრელოში არსებულ ლიცენზიანტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილზე კომპლექსურად ამოწმებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

„ჯორჯია ინდუსტრიუალ დეველოფმენთს“ 2007 წლის წელს ხე-ტყის დამზადების 20-წლიანი ლიცენზია გადაეცა. სალიცენზიო არეალს წარმოადგენს – კოლხეთი-ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სატყეო უბნების, თაიას, ნაფიჩხოვოს, მუხურის, ხუდონის, ჯვარისა და მაგანას სატყეოები.