გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შეერთებას გია გაჩეჩილაძე მხარს არ უჭერს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შეერთებას გია გაჩეჩილაძე მხარს არ უჭერს

საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ განუცხადა, ძირითადი პრობლემა გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შეერთებაა, რაც ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს.

„ასევე, ეკონომიკის სამინისტროში წიაღისეულის მიმართულების გადატანა ასოცირების ხელშეკრულებასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, როგორც „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ. იმედი მაქვს, რომ სხვებიც არ დაუჭერენ მხარს, რადგან უმრავლესობაში ბევრი დეპუტატი ჩვენს მსგავსად ფიქრობს. თავად რეფორმა საჭიროა, მაგრამ გარემოს დაცვის საკითხი უხერხულობას მიქმნის, რომ საკითხს მხარი დავუჭირო. ეს თემა ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის და მას მხარს ვერ დავუჭერ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ 111-კანონპროექტიან საკანონმდებლო პაკეტს გარემოს დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს.