გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დასავლეთ საქართველოში წელს თხილისა და სიმინდის უკეთესი მოსავალია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დასავლეთ საქართველოში წელს თხილისა და სიმინდის უკეთესი მოსავალია

დასავლეთ საქართველოში წელს სიმინდისა და თხილის უკეთესი მოსავალია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფერმერებმა, რომლებმაც აზიური ფაროსანას წინააღდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო სამუშაოები ჩაატარეს, კარგი მოსავალი აქვთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში ეცნობა.

მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში თხილის პლანტაციები და საყანე ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ე.წ. ანჯელის მასივში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურებით მუშავდება.

ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება მინიმალურია და შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები წარმატებულად მიმდინარეობს და შედეგი თვალსაჩინოა.

„ეს სწორედ ის ფართობებია, სადაც შარშან მავნებლის კონცეტრაცია საკმაოდ დიდი იყო. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს მავნებლის გავრცელება მნიშვნელოვნად არის შემცირებული,  ხოლო იქ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, ფერმერების მიერ საჭირო აგროსამუშაოები სწორად ჩატარდა, კარგ მოსავალს ელოდებიან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში არსებულ თხილის საშრობ და სასაწყობე საწარმოში თხილის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო. სამეგრელოს რეგიონში თხილის კრეფა უკვე მიმდინარეობს. მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წელს სახელმწიფოს ძალისხმევით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას მიერ თხილის დაზიანების წილი საკმაოდ მცირეა.

„დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია დაახლოებით 420 ათასი ჰექტარი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით – 44 ათას ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით – 22 ათასამდე ჰექტარი. მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.