გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით ფერმერებმა 17,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით ფერმერებმა 17,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შედეგად, ფერმერებმა 17,7 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამამუშავებელი 15 საწარმო შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.