გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად აქვთ შემცირებული, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად აქვთ შემცირებული, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო.

კერძოდ, შეხვედრები გაიმართა თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში – სანიორეში, ნაფარეულში, ვაზისუბანში, ჯუგაანში, ტიბაანსა და ძველ ანაგაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მევენახეებთან საუბარში თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღება-ჩაბარების კუთხით. მანვე ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადგილზე შეფასებას, დაითვლიან ზარალს და დაიწყება ანაზღაურების პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევა, სადაც ძირითად ხარჯებს იღებს სახელმწიფო და მხოლოდ 30 პროცენტია ფერმერის გადასახდელი. ფერმერებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რადგან ასეთი კლიმატური მოვლენების დროს ექნებათ გარანტირებული შემოსავალი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.