ლევან დავითაშვილი და ზურაბ ალავიძე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ
ლევან დავითაშვილი და ზურაბ ალავიძე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი , რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად , დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი.

სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად, ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.

„ ჩვენ გვაქვს 2017 წლის გამოცდილება, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციები და გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება. გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმა.სახელმწიფოს ძალისხმევით, აქტიური საინფორმაციო კამპანიით და მოსახლეობის ჩართულობით შევძლებთ მავნებლის პოპულაციის შემცირებას და მოსავლის შენარჩუნებას “- განაცხადა მინისტრმა.
დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარტი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.
ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში.
ორგანიზაციული საკითხების განხილვის შემდეგ ლევან დავითაშვილი და ზურაბ ალავიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, მოსახლეობას და ფერმერებს შეხვდნენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.