„გარდიანი“ - უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსეთმა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მიყიდვით შემოსავალი თითქმის გააორმაგა
„გარდიანი“ - უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსეთმა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მიყიდვით შემოსავალი თითქმის გააორმაგა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მიყიდვით რუსეთმა თითქმის გააორმაგა შემოსავალი, რადგან სარგებლობდა ფასების ზრდით იმის მიუხედავად, რომ მოცულობა შემცირდა, – ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.

ორგანიზაცია Centre for Research on Energy and Clean Air-ის მიერ გემების მოძრაობასა და ტვირთებზე გაკეთებული ანალიზის მიხედვით, უკრაინაში შეჭრიდან ორი თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 62 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან.

იმის მიუხედავად, რომ ომისა და სანქციების გამო, რუსეთიდან ექსპორტი შემცირდა, გაზის მიწოდების წყაროს მხრივ ამ ქვეყნის დომინანტურობამ და მისი მხრიდან მიწოდების შეწყვეტამ ფასები მხოლოდ გაზარდა, რომელიც უკვე იყო მაღალი მას შემდეგ, რაც გლობალურმა ეკონომიკამ კორონავირუსული პანდემიისგან თავი დააღწია.

CREA-ს მონაცემებით, რუსეთიდან საზღვარგარეთის პორტებში ნედლი ნავთობის მიწოდება აპრილის პირველ სამ კვირაში 30%-ით შემცირდა უკრაინაში შეჭრამდე, იანვართან და თებერვალთან შედარებით. ამის მიუხედავად, ნავთობსა და გაზზე დღეს არსებულმა უფრო მაღალმა ფასებმა რუსეთის შემოსავლები გაზარდა არსებული სანქციებისა და ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად.

„გარდიანის“ ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გერმანია იყო უმსხვილესი იმპორტიორი, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივმა მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შეწყვეტა პრიორიტეტული იყო. აგრეთვე, მსხვილი იმპორტიორები იყვნენ იტალია და ნიდერლანდები.

დატოვე კომენტარი