“გარდიანი“ - რაგბის ელიტა “ბორჯღალოსნებს“ წინსვლის საშუალებას არ აძლევს
“გარდიანი“ - რაგბის ელიტა “ბორჯღალოსნებს“ წინსვლის საშუალებას არ აძლევს

„საქართველო გაურკვევლობაშია: გუნდი მეორე რანგის გუნდებს შორის ზედმეტად კარგად გამოიყურება, თუმცა რაგბის ელიტა წინსვლის საშუალებას არ აძლევს“ – ამ სახელწოდებით სტატიას ბრიტანული “გარდიანი” 18 ნოემბერს კარდიფში დაგეგმილი მატჩის წინ აქვეყნებს. გამოცემის შეფასებით, საქართველომ ევროპულ თასზე მაქსიმუმი შეძლო, თუმცა ექვსი ერის კარი მისთვის კვლავ დაკეტილია.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, შაბათს კარდიფში დაგეგმილ მატჩს, რომელშიც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება, ვრცელი სტატია მიუძღვნა. ავტორის შეფასებით, ბორჯღალოსნებმა მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ამავე დროს მათ საფრთხე ემუქრებათ, რადგან წინსვლას ვერ ახერხებენ.
„ევროპის ერები სათანადო ბიძგს არ გვაძლევენ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ რომ ევროპის თასისთვის უკვე გავიზარდეთ. პატივს ვცემთ მეტოქეებს, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც კანადასთან 54 ქულა დავაგროვეთ. მეტიც, მე უკმაყოფილოც კი ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ როგორც შეგვიძლია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მოგვეთხოვება და რასაც ჩვენგან ელოდებიან, ამიტომ დიდი სიამოვნებით გავმართავდი კიდევ ერთ მატჩს პირველი რანგის გუნდთან, უელსის შემდეგ, რათა საკუთარი თავი გამოვცადოთ. სხვაგვარად როგორ განვვითარდებით?“ – აცხადებს მილტონ ჰეიგი „გარდიანთან“ საუბარში.

ავტორი წერს, რომ საქართველოს მსგავსად ანალოგიურ სიტუაციაში იყო იტალია, როდესაც 2000 წელს ხუთი ერი გადაიქცა ექვს ერად, ასევე არგენტინა, რომლიც 2012 წელს ჩაერთო “რაგბი ჩემფიონშიფში” (ე.წ. “ოთხი ერი”).
“ჩემი აზრით ჯერ კიდევ გვაქვს შანსი მოვხვდეთ ექვსი ერის გათამაშებაში. ამაზე ბევრს საუბრობენ და რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ დროა შევხედოთ საქართველოს, რომელიც ექვს ერს უახლოვდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი როგორ ვითამაშებთ უელსის და იტალიის წინააღმდეგ.“ – ამბობს მილტონ ჰეიგი. როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს საქართველოს ექვსი ერის გათამაშებაში დამატებას მხარს უჭერს სარაგბო კლუბ მონპელიეს მფლობელი მოჰედ ალტრადი, რომლიც საქართველოში 20 წლამდელთა სარაგბო ნაკრებს ეხმარებოდა.

ჟურნალისტთან საუბარში ბორჯღალოსნების მწვრთნელი იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელსაც ბოლო წლებში საქართველო, რაგბის განვითარების კუთხით მიაღწია. ის ყურადღებას ამახვილებს რაგბის სტადიონების გაზრდილ რაოდენობაზე და გუნდის სპონსორებზე. მისი თქმით, უელსთან თამაშის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლების მოპოვებას 5 კომპანია ცდილობდა.

როგორც ინტერვიუს ბოლოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამბობს, ბორჯღალოსნები 2019 წელს იაპონიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანები იქნებიან. რაც შეეხება 18 ნოემბერს კარდიფში დაგეგმილ თამაშს, მილტონ ჰეიგის თქმით, უელსს შესანიშნავი ნაკრები ჰყავს:
„მე ვუთხარი ბიჭებს, რატომ არ უნდა გავიმარჯვოთ? ჩვენ ბევრს ვემზადებოდით და რატომაც არ უნდა დავამწუხროთ უელსი? თუ შენ თვითონ არ გჯერა, მაშინ აგებ. დღეს ბიჭებს მოგების განწყობა აქვთ. ჩვენ თამაში შეგვიძლია და ეს რაგბის სამყაროსაც უნდა დავუმტკიცოთ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.