„გარდიანი“ – პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით პირველად ესაუბრა
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ეს ორ ლიდერს შორის პირველი საუბარი იყო, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიკრობლოგ „ტვიტერში“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ოფიციალურ გვერდზე ნეთანიაჰუს ფოტო გავრცელდა, სადაც ის ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრება.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საუბარი მეგობრული იყო და ლიდერებმა მათ ერებს შორის კავშირის გაძლიერების პირობა დადეს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ბაიდენს ინაუგურაციიდან ოთხი კვირა დასჭირდა ნეთანიაჰუსთან სასაუბროდ, რამაც „ისრაელში ორი ლიდერის სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა, განსაკუთრებით აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის არსებული მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით“.
Prime Minister Benjamin Netanyahu spoke this evening with US President @JoeBiden. The conversation was very warm and friendly and continued for approximately one hour. pic.twitter.com/AF3x6aTM36
— PM of Israel (@IsraeliPM) February 17, 2021