„გარდიანი” - ნორვეგიელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას თუ ვერ მიიღებს, ეს ნორვეგიისა და აშშ-ის ურთიერთობებზე აისახება
ნორვეგია ემზადება ტრამპის შესაძლო რეაქციისთვის, თუ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ „გარდიანი” წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ნორვეგიელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიას თუ ვერ მიიღებს, ეს ნორვეგიისა და აშშ-ის ურთიერთობებზე აისახება.
ამასთან, ექსპერტებისა და დამკვირვებლების უმეტესობის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ნობელის პრემია მიიღოს.
როგორც „გარდიანი“ ერთ-ერთ ნორვეგიელ ანალიტიკოსზე დაყრდნობით წერს, ტრამპის შურისძიება შეიძლება, გამოვლინდეს ტარიფების ან თუნდაც ნორვეგიის მტრად გამოცხადების სახით. ამასთან, მისივე თქმით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს იქნება „ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნობელის პრემიის ისტორიაში“.
ნორვეგიის სოციალისტური მემარცხენე პარტიის ლიდერმა, კირსტი ბერგსტომ განაცხადა, რომ ოსლო „ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს“.
„ნობელის კომიტეტი დამოუკიდებელი ორგანოა და ნორვეგიის მთავრობა არ მონაწილეობს ლაურეატების გამოვლენაში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპმა ეს იცის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მისი მხრიდან ნებისმიერი რეაქციისთვის“, – განაცხადა ბერგსტომ.
ნორვეგიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუ ვინ იქნება 2025 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. გამარჯვებული 10 ოქტომბერს უნდა გამოაცხადონ.