„გარდიანი“ - მილანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმ იტალიელების საქმეზე, რომლებიც, ბრალდებების მიხედვით, ფულს უხდიდნენ ბოსნიელი სერბების არმიის ჯარისკაცებს, რათა 1990-იანებში სარაევოში ხალხი დაეხოცათ
მილანის პროკურატურა ბოსნიის ომის პერიოდში ე.წ. სნაიპერული ტურიზმის საქმეს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მილანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმ იტალიელების საქმეზე, რომლებიც, ბრალდებების მიხედვით, ფულს უხდიდნენ ბოსნიელი სერბების არმიის ჯარისკაცებს, რათა 1990-იანებში სარაევოში ხალხი დაეხოცათ.
როგორც მედია წერს, 1992-1996 წლებში სარაევოში 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. მათი ნაწილი სნაიპერების მსხვერპლი გახდა.
გამოძიების მიხედვით, ამ პერიოდში იტალიელები და სხვა ეროვნების ადამიანები ე.წ. სნაიპერულ ტურიზმში იყვნენ ჩართულები და ფულს უხდიდნენ ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის არმიის ჯარისკაცებს, რათა ისინი სარაევოს გარშემო მდებარე მთებში აეყვანათ, საიდანაც ქალაქის მოსახლეობას ესროდნენ.
მილანის პროკურატურა მუშაობს იმ იტალიელთა იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ამ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
გამოძიება დაიწყო მილანელი ავტორის, ეზიო გავაზენის საჩივრის საფუძველზე, რომელმაც ამ საქმეზე მტკიცებულებები შეაგროვა და, ასევე, იმ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც მილანში სარაევოს ყოფილმა მერმა, ბენიამინმა კარიჩმა გააგზავნა.
გავაზენი „გარდიანთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ, იტალიელების გარდა, ე.წ. სნაიპერულ ტურიზმში მონაწილეობდნენ გერმანელები, ფრანგები და ბრიტანელები. მისივე თქმით, დასავლეთი ქვეყნების მოქალაქეები სოლიდურ თანხებს იხდიდნენ, რათა სარაევოს მოქალაქეებისთვის ესროლათ. გავაზენი პოლიტიკურ ან რელიგიურ მოტივს გამორიცხავს.
„ეს იყვნენ მდიდარი ადამიანები, რომლებიც გასართობად ან პირადი კმაყოფილებისთვის ხოცავდნენ ხალხს“, – აღნიშნავს იტალიელი ავტორი.
„გარდიანის“ ცნობით, უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე იტალიელი, რომლებიც სარაევოში მოქალაქეების დახოცვაში არიან ეჭვმიტანილი და მათ პროკურატურა უახლოეს კვირებში დაკითხავს.