„გარდიანი“ - იტალიაში სახელმწიფო ვიზიტების დროს ფრენების გასაიდუმლოებას განიხილავენ
„გარდიანი“ - იტალიაში სახელმწიფო ვიზიტების დროს ფრენების გასაიდუმლოებას განიხილავენ

იტალიაში სახელმწიფო ვიზიტების დროს ფრენების გასაიდუმლოებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ იტალიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, რომი განიხილავს სახელმწიფო ვიზიტებისას ფრენების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას, ასევე პრემიერ-მინისტრის ოფისის ვებგვერდზე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ მინიმალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რათა ფრენების მარშრუტების დადგენა გართულდეს.

როგორც „გარდიანი“ წერს, შესაბამისი ინიციატივით პირველად რამდენიმე თვის წინ იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო გამოვიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სიახლოვეს, საჰაერო სივრცეში თანამგზავრული ნავიგაციის სისტემების მუშაობაში გარე ჩარევები გახშირდა.

ცნობისთვის, პირველ სექტემბერს „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ GPS სიგნალის ჩახშობის გამო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს. როგორც გამოცემა იუწყება, GPS სიგნალის ჩახშობის შედეგად ბულგარეთის აეროპორტში ნავიგაციის სერვისები გაითიშა. ინციდენტი ჯერ ბულგარეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურმა, შემდეგ კი ევროკომისიამაც დაადასტურეს.