„გარდიანი“ - ჰონგ კონგის უნივერსიტეტის კვლევა ამტკიცებს, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოთხჯერ მაღალია
„გარდიანი“ - ჰონგ კონგის უნივერსიტეტის კვლევა ამტკიცებს, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოთხჯერ მაღალია

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველი ტალღის შედეგად, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხული 55,000 ინფიცირებულის ნაცვლად, 232,000 ინფიცირებული იყო, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

20 თებერვლისთვის ჩინეთში ახალი კორონავირუსის 55,000 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი არ ითვალისწინებს „კოვიდ-19“-ის მსუბუქ შემთხვევებს და იმ ინფიცირებულებს, რომლებიც უხანთან არ იყვნენ კავშირში.

კვლევის მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულის განმარტება შვიდჯერ შეიცვალა. პირველი რამდენიმე განმარტება არ მოიცავდა „კოვიდ-19“-ის მსუბუქ გამოვლინებებს და მათ, ვინც უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი არ იყო. როგორც ჰონგ კონგში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა განახლებული განმარტების გამოყენებით, ჩინეთში 20 თებერვლამდე დაახლოებით 232,000 ინფიცირებული დაფიქსირდებოდა.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 83,000 ადამიანს დაუდასტურდა.