„გარდიანი“ – ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ მოქალაქეებს უღალატა, როდესაც დონალდ ტრამპთან ტარიფებზე დამამცირებელი შეთანხმება დადო

18:03, 09.09.2025

ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ მოქალაქეებს უღალატა, როდესაც დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ დამამცირებელი შეთანხმება დადო, რომელიც აშშ-ისთვის ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ევროპისათვის, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოკითხვა, რომელიც ჩაატარა Cluster 17-მა ევროპულ საკითხებზე დებატების პლატფორმისთვის, Le Grand Continent-ისთვის, აჩვენებს, რომ რესპონდენტთა 77% მიიჩნევს, რომ სავაჭრო შეთანხმება სარგებელს, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკას მოუტანს, მაშინ როდესაც მხოლოდ ორი პროცენტი ფიქრობს, რომ გარიგება ევროპისთვის იქნება მომგებიანი.

ხუთივე ქვეყანაში, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ, 52%-მა დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეულ შეთანხმებას დამამცირებელი უწოდა.

შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აუქმებს აშშ-ის ყველა სამრეწველო საქონელზე ტარიფებს და უზრუნველყოფს უპირატესობის მქონე ბაზრის ხელმისაწვდომობას აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფართო სპექტრისთვის. თუმცა ევროკავშირის პროდუქციის უმეტესობა, რომელიც აშშ-ში შედის, 15%-იან საბაზისო ტარიფს დაექვემდებარება.

გარდა ამისა, ევროკავშირის კომპანიებმა აშშ-ში დამატებით 600 მილიარდი დოლარი უნდა დააბანდონ, ევროკავშირმა კი 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგორესურსები უნდა შეისყიდოს, ასევე, მკვეთრად გაზარდოს აშშ-ის თავდაცვითი ექსპორტის დაფინანსება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმებას „უდიდესი გარიგება“ უწოდა, რომელმაც მოიტანა „სტაბილურობა“ და „პროგნოზირებადობა“, ასევე, თავიდან აიცილა დონალდ ტრამპის მიერ მუქარად გამოცხადებული 30%-იანი ტარიფი.

თუმცა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირმა გაცილებით მეტი დათმო, ვიდრე აშშ-მა და, ფაქტობრივად ვაშინგტონის ზეწოლას დაემორჩილა.

ამ შეხედულებას გამოკითხულ ევროპელთა უმრავლესობა იზიარებს. კერძოდ, გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული ინტერესები „ძალიან ცუდად“ ან „საკმაოდ ცუდად“ დაიცვა.

თითქმის 70%-მა თქვა, რომ მზად იქნებოდა, აშშ-ის პროდუქციისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა; 44%-მა დონალდ ტრამპი „ევროპის მტრად“ მოიხსენია; 47%-ს მიაჩნია, რომ ტრამპს „ავტოკრატიული ტენდენციები“ აქვს; ხოლო 36%-ის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დიქტატორივით იქცევა.

გამოკითხულთა სამ მეოთხედზე მეტმა თქვა, რომ „ძალიან“ ან „საკმაოდ“ უკმაყოფილოა ევროკავშირის მიდგომით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ხოლო თითქმის 40%-მა აღნიშნა, რომ ბლოკი უნდა შეეწინააღმდეგოს აშშ-ის პრეზიდენტის ახირებებს.

მსგავსი