„გარდიანი“ - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის გამარჯვებამდე მხარდაჭერის მომხრეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
„გარდიანი“ - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის გამარჯვებამდე მხარდაჭერის მომხრეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის გამარჯვებამდე მხარდაჭერის მომხრეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

YouGov-ის კვლევის თანახმად, შვიდი ევროპული ქვეყნიდან ოთხში რუსეთთან ომის მოლაპარაკებებით დასრულება უფრო მისაღები ვარიანტია.

სტატიაში ნათქვამია, რომ YouGov-ის მიერ დეკემბერში საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში, დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შვიდივე ქვეყანაში შემცირდა საზოგადოების სურვილი, უკრაინას მხარი გამარჯვებამდე დაუჭირონ.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველა აღნიშნულ ქვეყანაში გაიზარდა კონფლიქტის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის მომხრეთა რაოდენობა. მათ შორის გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მოლაპარაკებების გზით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას უჭერენ მხარს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი ვარიანტი შვიდიდან ოთხ ქვეყანაში უპირატესად დასახელდა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის დამარცხებამდე უკრაინის მხარდაჭერის მზაობა კვლავ მაღალი რჩება შვედეთში (50%) და დანიაში (40%), გაერთიანებული სამეფოში კი ეს მაჩვენებელი 36%-ია, თუმცა ეს მონაცემები იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით (57%, 51% და 50%) 14 პუნქტითაა შემცირებული.

ამავე პერიოდში მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა იტალიაში 55%-მდე (45%-დან), ესპანეთში 46%-მდე (38%-დან), საფრანგეთში 43%-მდე (35%-დან) და გერმანიაში 45%-მდე (38%-დან).

ტრამპის დაბრუნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ყველა ქვეყანაში, ერთის გარდა, უმრავლესობა ან თითქმის უმრავლესობა თვლის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი უკრაინისთვის დახმარებას შეწყვეტს: გერმანელების 62%, ესპანელების 60%, ბრიტანელების 56%, ფრანგების 52% და იტალიელების 48%.

გამოკითხულთა აზრი იყოფა, როდესაც კითხვა ეხება ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემდა რუსეთს უკრაინის უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნოს. გამოკითხულთა უმრავლესობა შვედეთში (57%), დანიაში (53%) და გაერთიანებულ სამეფოში (51%), აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმების მიმართ ძალიან ან საკმაოდ უარყოფითად იქნებიან განწყობილნი,.საფრანგეთში კი ეს მაჩვენებელი 37%-ია, გერმანიასა და იტალიაში – 31%.

გამოკითხვის თანახმად, დასავლეთ ევროპელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკრაინის მოკავშირეები საკმარისს არ აკეთებდნენ როგორც მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების, ასევე კიევისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების მიწოდების თვალსაზრისით.

დანიელების 66%, შვედებისა და ესპანელების 63%, ბრიტანელების 59%, გერმანელებისა და იტალიელების 53% და ფრანგების 52% აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არ იყო საკმარისი.