„გარდიანი“ - ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში „ქართული ოცნებისა“ და ირანის კავშირებზე საუბრობენ და ლონდონს სანქციებისკენ მოუწოდებენ
„გარდიანი“ - ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში „ქართული ოცნებისა“ და ირანის კავშირებზე საუბრობენ და ლონდონს სანქციებისკენ მოუწოდებენ

ციხეში მყოფი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

კერძოდ, როგორც  „გარდიანი“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივეტ კუპერს წერილი მისწერა რუსთავის ციხეში მყოფმა შვიდმა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

„გარდიანის“ ცნობით, ქართველი ოპოზიციონერები საუბრობენ „ქართული ოცნებისა“ და ირანის კავშირებზე და ირანული გავლენის „უპრეცედენტო ზრდაზე“.

მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერები მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ავითარებს კავშირებს ირანსა და „საქართველოში პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მფლობელებს შორის“.

„გარდიანის“ ცნობით, ქართველი ოპოზიციონერები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი „ციხეში დაატყვევა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა, რომელიც ასევე ამყარებს კავშირებს თეირანთან“.

„გარდიანის“ წერს, რომ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამის მაგალითად ასახელებენ „აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშივილის მიერ ირანისადმი გამოცხადებულ სოლიდარობას“.

წერილში ნახსენებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თეირანში. „გარდიანის“ ცნობით, წერილში ოპოზიციონერები ასევე აცხადებენ: „ბოლო წლებში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პატრონმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე სრული კონტროლი დაამყარა, სახელმწიფო ხელში სრულად ჩაიგდო და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს თანდათანობით ანგრევენ“.

„გარდიანის“ ინფორმაციით, წერილის ხელმომწერებს შორის არის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე სტატიაში ნახსენებია ელენე ხოშტარია.