„გარდიანი“ - ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, შესაძლოა, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ
„გარდიანი“ - ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, შესაძლოა, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ

ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, შესაძლოა, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. პრემიერმა ასევე მოუწოდა სამოქალაქო პირებს, თავი შეიკავონ უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებისგან.

ჟურნალისტმა ბორის ჯონსონს ჰკითხა უორინგტონის 19 წლის მცხოვრებზე, რომელიც სამხედრო გამოცდილების გარეშე გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ესმის, რატომ სურს ხალხს უკრაინის დახმარება, თუმცა ისინი დიდ ბრიტანეთში უნდა დარჩნენ.

„ვფიქრობ, ყველას, ვინც ხედავს, თუ რა ხდება უკრაინაში, ესმის ეს გრძნობები. ვფიქრობ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს, რადგან არასდროს მინახავს საერთაშორისო საკითხებში ასეთი მკაფიო განსხვავება არასწორსა და სწორს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, როგორც იმაში, რასაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ხალხს უკეთებს. თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კანონები ჩვენს ქვეყანაში. თქვენ არ უნდა წახვიდეთ უკრაინაში. ვშიშობ, ადამიანები, რომლებიც მიდიან ჩვენი შეიარაღებული ძალებიდან, წარდგებიან სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, როგორც ამის შესახებ თავდაცვის შტაბის უფროსმა მკაფიოდ განაცხადა“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, ბორის ჯონსონის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის მიერ გასული თვის ბოლოს გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ბრიტანელების უკრაინაში წასვლას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

ბრიტანული მედიის ცნობით, მოქმედი ბრიტანელი სამხედროების მცირე რაოდენობა სავარაუდოდ გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩასართავად, ასევე უკრაინაში ბრიტანეთიდან გაემგზავრნენ ვეტერანები და საბრძოლო გამოცდილების არმქონე ბრიტანელები. თავდაცვის სამინისტრომ ყველა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს აუკრძალა უკრაინაში გამგზავრება და ისინი შესაძლო სამართლებრივი დევნის შესახებ გააფრთხილა.