„გარდიანი“ – აშშ ირანს სთავაზობს, გამდიდრებული ურანი მესამე ქვეყანას გადასცეს, ამ ქვეყნებს შორის სახელდება რუსეთი

18:56, 15.04.2025

„გარდიანის“ ცნობით, აშშ ირანს სთავაზობს, გამდიდრებული ურანი მესამე ქვეყანას გადასცეს. ამ ქვეყნებს შორის სახელდება რუსეთი. როგორც „გარდიანი“ წერს, ამ წინადადებით აშშ 12 აპრილს ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს გამოვიდა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თეირანი ამის წინააღმდეგია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით არც აშშ-ში გაუკეთებიათ. როგორც ცნობილია, ამ კვირაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩასვლას აპირებს.

ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში გამდიდრებული ურანი, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს გამოყენებული ბირთვული იარაღის შესაქმნელად, ერთ-ერთი მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, 12 აპრილს ომანში ირანისა და აშშ-ის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ-თან მოლაპარაკებების საკითხზე ის არც სრულად ოპტიმისტია და არც – პესიმისტი. მან დაადასტურა, რომ ამ მოლაპარაკების გამართვის თანხმობა გასცა, თუმცა აშშ-ის მიმართ კვლავაც ნეგატიურად არის განწყობილი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიდის.

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 19 აპრილსაა დაგეგმილი.

მსგავსი