გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

ტარიელ ფუტკარაძე იყო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ქართველური ენათმეცნიერება“ ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადაქტორო პროგრამების („ქართული ფილოლოგია“, „ქართველური ენათმეცნიერება:“) ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ენათმეცნიერებაში და 300-მდე პუბლიცისტური წერილი.

1984 წლიდან მისი ხელმძღვანელობით მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიციები: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში;

ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”; ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991 წელს იყო ქ. ბათუმის პრეფექტი და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის პანაშვიდი 5 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება. მეცნიერს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.