გარდაიცვალა პროფესორი, არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე
გარდაიცვალა პროფესორი, არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე

პროფესორი, არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოთარ ჯაფარიძე დაიბადა 1921 წლის 16 სექტემბერს თბილისში. 1929-39 წლებში სწავლობდა თბილისის 25-ე საშუალო სკოლაში. 1939 წელს შევიდა და 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. პარალელურად, 1944 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 1950 წლამდე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში, 1948 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1950-52 წლებში ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1964 წელს ოთარ ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1997 წლის ნოემბრიდან ოთარ ჯაფარიძე იყო თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი. 1979 წელს ოთარ ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად.

1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ოთარ ჯაფარიძე ასრულებდა თსუ-ის რექტორის მოვალეობას, რომლიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.