გარდაიცვალა მუსიკათმცოდნე და ტელეწამყვანი მერაბ ოდიშარია
გარდაიცვალა მუსიკათმცოდნე და ტელეწამყვანი მერაბ ოდიშარია

72 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკათმცოდნე და ტელეწამყვანი მერაბ ოდიშარია.

მერაბ ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხზე მუშაობა 1970-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად ტელევიზიის საბავშვო გადაცემების რედაქტორად მუშაობდა, შემდეგ კი მუსიკალურ-გასართობი გადაცემების მთავარ რედაქციაში გააგრძელა მუშაობა და გაიარა გზა რიგითი რედაქტორიდან მუსიკალურ-გასართობი პროგრამების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობამდე.

რამდენიმე ათეული წელი საქართველოს პირველ არხზე მერაბ ოდიშარიას მიჰყავდა მუსიკალური გადაცემები („და არს მუსიკა…“, „პროფესიონალები და მელომანები“), იყო არაერთი მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც პირველი არხის ეგიდით იმართებოდა.

1998 წლიდან მერაბ ოდიშარია მეორე არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელერადიო მუზეუმს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს მერაბ ოდიშარიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

დატოვე კომენტარი