გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე
გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე

85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რუსთაველის თეატრში დაუდასტურეს.

კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან. 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. კახი კავსაძემ გამორჩეული სახეები შექმნა კინოფილმებში: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ნატვრის ხე“ (იორამი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი).

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.