გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი ლია სალაყაია
გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი ლია სალაყაია

74 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რეგენტი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ლია სალაყაიას პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს, ღვთივ განისვენა ლია სალაყაიამ, – ჩვენი დროის საოცარმა ადამიანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იგი დღესვე დასვენდება სამების საკათედრო ტაძარში“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლია სალაყაიას შაბათს, 7 აგვისტოს, სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.

ლია სალაყაიამ 1980 წლიდან დაიწყო გალობა წმინდა ნინოს ტაძარში. ერთი წლის შემდეგ, პარალელურად გალობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდში. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდებს. გალობდა მუსიკალური სასწავლებლების, კონსერვატორიისა და სხვადასხვა ეკლესიის სამგალობლო ანსამბლსა და გუნდში. ხელმძღვანელობდა სამების საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლას და სიმღერა-გალობას ასწავლიდა ბავშვთა, ქალთა და ვაჟთა გუნდებს.

საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ლია სალაყაია 2019 წელს წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

დატოვე კომენტარი