გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია
79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად; 1998–2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; გაზეთების – „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
ბადრი ვადაჭკორია არის 25 ფოტოკრებულისა და ექვსი წიგნის ავტორი.
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.