გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის ახლობლებისთვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალება მოულოდნელი აღმოჩნდა
გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის ახლობლებისთვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალება მოულოდნელი აღმოჩნდა

გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის ახლობლებისთვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალება მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც გარდაცვლილის ბებია ნელი ოდიშარია ამბობს, ახლობლებს აუცილებლად ექნებათ მწვავე რეაქცია ფაქტთან დაკავშირებით.

„თუ არ იყო ეს კაცი დამნაშავე, რატომ მიუსაჯეს, ჩემს მიცვალებულს მე ვიტირებდი. სრულიად უდანაშაულო მოკლეს, არ ვიცი ვის ინტერესებში შედიოდა. მე მისი გამზრდელი ბებია ვარ, ყველაფერი თავად ვნახე, სხეული სულ დამტვრეული ჰქონდა, დაზიანებული, რამდენიმე ადამიანის მიერ იყო ნაცემი. ამ გარეწარმა კი საკუთარი იარაღით მოკლა. საშინელება იყო ეს, მე არ ვაგებ პასუხს, სადმე რომ შემხვდება, რას ვიზამ“, – განაცხადა ნელი ოდიშარიამ.

მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა. საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.