გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სატელიტების ჩანაწერების ამოღება, გამოძიების მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება და პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვა.

„აქციის მიზანია, რომ პირველ რიგში დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც ნაპოვნი იყო. ასევე, საქმის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლით, უნდა დასახელდნენ მკვლელები, სავარაუდოდ სამ მაღალჩინოსანზეა საუბარი. ფაქტია, ალყაში ჰყავდათ ჩემი შვილის მანქანა და ისე მიჰყავდათ. ვადებს რაც შეეხება, თვითონ თქვეს თვის ბოლომდეო. მე არ ჩავრთე დღეს ამ აქციაში ბევრი ხალხი, რომ პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ. აუცილებლად ვაპირებ, აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

აქციაზე, ასევე იმყოფებიან ბაჩალიაშვილების მეზობლები, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები და მალხაზ მაჩალიკაშვილი.