გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა პოლიციაში გამოიკითხა
გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა პოლიციაში გამოიკითხა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა გაიოზ ჩარკვიანი ადვოკატებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, გამოძიებას ის ფოტო და აუდიომასალები გადასცა, რომლებიც ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.

საქმის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, მოწმეებმა ასევე გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში, სადაც ვახტანგ ჩარკვიანი მკურნალობდა, პაციენტების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებს შეესწრნენ.

ხატიაშვილის განცხადებით, გამოძიებას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სხვა პაციენტის გარდაცვალების შესახებაც, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, იმავე საავადმყოფოს ბრალეულობას ადასტურებდეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ვახო ჩარკვიანის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია უყურადღებობასთან და არაეფექტურ მკურნალობასთან და გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, სისტემური დანაშაულის კვალი გამოიკვეთოს.