გარდაბანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
გარდაბანში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, 26-ე იუსტიციის სახლი გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გარდაბნის იუსტიციის სახლი ქვემო ქართლის რეგიონში მეოთხე ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა.

მისი ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.

„სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ქორწინების საზეიმო რეგისტრაციაზე 9 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხსნა.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

დატოვე კომენტარი