გარდაბანში გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
გარდაბანში გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის, განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (Rec Caucasus) ორგანიზებით, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ სართიჭალის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის საკითხებზე, ამ კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის „გაუდაბნოება ჩემს მხარეში“ გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ესეების კონკურსი „გაუდაბნოება ჩემს მხარეში“ მიზნად ისახავდა გაუდაბნოების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სართიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ესეების სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა გაუდაბნოების პრობლემაზე. კონკურის თითოეულ მონაწილეს გადაეცა წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებული სამი ესეს ავტორები დაჯილდოვდნენ „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

მონაწილეებმა პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდებარედ გაშენებული ქარსაფარი ზოლები დაათვალიერეს.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება იმ ქვეყნებში, რომლებიც გაერო-ს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ.