გარდაბანში 33 წლის ორსული ქალის გარდაცვალების საკითხს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის
გარდაბანში 33 წლის ორსული ქალის გარდაცვალების საკითხს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

გარდაბანში 33 წლის ორსული ქალის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო მოკვლევას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყება ორშაბათიდან შეისწავლის დოკუმენტაციას და თუ ექიმთა მხრიდან დარღვევა გამოიკვეთა, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„რეგულირების სააგენტო აუცილებლად დაიწყებს საკითხის შესწავლას. ოჯახის მომართვა რომ არ იყოს მაინც, ვინაიდან მინისტრის ბრძანებაა, დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შესახებ, სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება. შესაბამისად, ორშაბათიდან შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ აუცილებლად. შემდეგ შევალთ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით და საბოლოოდ, თუ გამოიკვეთა რამე ტიპის დარღვევები, დადგება შესაბამისი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

გარდაბნის რაიონში გუშინ 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი იყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და კვლავ კლინკაში მიიყვანეს. კლინიკაში კი, უთხრეს, რომ ბავშვი უკვე დაღუპული იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ახლობლები დღეს კლინიკაში მივიდნენ და დაღუპვის მიზეზების გარკვევა მოითხოვეს.