განზრახ მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ
განზრახ მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა.ქ. და ო.ქ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

​უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 31 იანვარს, ქ.ბათუმში, ო.ქ-მ და ა.ქ-მ, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ორი პირის ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ჯგუფურად, განახორციელეს მრავალჯერადი გასროლა ბ.ა-ს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც მ.ა-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველით ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ​ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.