განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.