„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საკრებულოების შუალედური არჩევნების მიმდინარეობას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ ეხმაურება.

ორგანიზაცია არჩევნების პროცესს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, სამივე ოლქში აკვირდება. მათი განცხადებით, კენჭისყრის დღე მშვიდ გარემოში და წესების დაცვით მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, უბნის გახსნის პროცედურები კანონის შესაბამისად ჩატარდა.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებელთა ინფორმაციით, ლაგოდეხში დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, რომელსაც მათივე თქმით, კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

„კერძოდ, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლების მითითების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები; სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის მცდელობა, რაც აღმოიფხვრა დამკვირვებლის აქტიურობის შედეგად; რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებლის მხრიდან ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ დროულად მითითების შედეგად აღმოიფხვრა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ლაგოდეხში საარჩევნო უბნების მიმდებარედ კვლავ გრძელდება, ე.წ. კოორდინატორების ყოფნის პრაქტიკა.

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ტარდება შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.