განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი - 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები გვესროდნენ სხვადასხვა საგანს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვეუბნებოდნენ, ჩვენს მხარეს გადმოდითო
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი - 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები გვესროდნენ სხვადასხვა საგანს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვეუბნებოდნენ, ჩვენს მხარეს გადმოდითო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე იკითხება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იოსებ როსტიაშვილი.

„ვიყავით ბაზაზე, 4 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ გადავსულიყავით ათონელის ქუჩაზე, მივედით მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. უკვე ავტობუსიდანაც ვხედავდით, რომ აქციის მონაწილეები ძალადობაზე იყვნენ გადასული. ადგილზე იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, პოლიციაზე ფიზიკური ძალადობა მიმდინარეობდა. ჩამოვედით ავტობუსიდან და დავიწყეთ გადაადგილება პრეზიდენტის სასახლისკენ. ამ დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან გვესმოდა გინება, გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს. ათონელის ქუჩაზე როცა განვლაგდით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო მოწოდებები, რომ დაშლილიყვნენ. ამის მიუხედავად, გრძელდებოდა სხვადასხვა საგნის სროლა ჩვენი მისამართით. თანამშრომლები, დაახლოებით, 40-50 კაცი ვიყავით. აქციის მონაწილეები ჩვენი მიმართულებით უმეტესად ქვებს ისროდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე აზიანებდნენ გარკვეულ ნივთებს, ნაგვის ურნებს, ღობეებს, სახელმწიფო ინვენტარს. დაზიანება მიიღეს თანამშრომლებმა. მე თავის არეში მომხვდა ე.წ. ფილა, ქვა. მეხურა ჩაფხუტი, რომელიც გატყდა. დაზიანებული ჩაფხუტი შევიცვალე. ჩემ წინ განლაგებული იყვნენ აქციის მონაწილეები და მათი მხრიდან მოდიოდა ნასროლი ქვები. ამასთან, დაშავებული თანამშრომლები გადაგვყავდა მანქანაში. სასახლის ღობე იყო დაზიანებული. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვეძახდნენ „რუსის მონებს“, ღორებს. გვეუბნებოდნენ, ჩვენს მხარეს გადმოდითო, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ნამდვილად შეურაცხყოფაა, როცა ადამიანები ანგრევენ საკუთარ ქვეყანას, ქალაქს და მათ მხარეს გადასვლისკენ მოგიწოდებენ“, – განაცხადა მოწმემ პროცესზე.

მოწმის დაკითხვის შემდეგ რეპლიკით ისარგებლეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, პაატა მანჯგალაძემ და ლაშა ბერიძემ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, აქციაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ქვეყნის დამანგრეველია.

„პოლიტიკოსი ვარ და ამბიცია მაქვს უფრო მეტზე. თქვენი შვილებისთვის ბრძოლაზეც მაქვს ამბიცია, „ქართული ოცნების“ ლიდერების შვილების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზეც მაქვს პრეტენზია. რაში გამოიხატება ჩვენ მიერ ქვეყნის დანგრევა? ის რომ ევროპა, დემოკრატია, უფრო დაცული საქართველო გვინდა? ჩვენ მართლა თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით ჩვენს შვილებთან ერთად და არ მგონია, იგივე იყოს იქით მხარეს. ოქროს ზოდებს, სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს. არ გვინდა რადიკალიზება და პოზიციის ჩამოყალიბება, რომ ვინაიდან ადამიანი აქციაზეა, ის ქვეყნის დამანგრეველია. არ შეიძლება ასე პოლიტიზება პოლიციის. გახსოვთ ხომ პოლიციის ფიცი, რომ ვინმე ერთ ადამიანს კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ პოლიციაც მოქალაქისთვის არსებობს, ხელისუფლებაც, სახელმწიფოც. ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი, რომ პაატა მანჯგალაძე არის დამანგრეველი?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე ლაშა ბერიძემ აღნიშნა, მოსამართლეს და პროკურატურას არ წარუდგენია ფაქტი, რომ აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით იყო მისული.

„ვინც აქ ვსხედვართ, არცერთ ჩვენგანს დემონსტრაციაზე არც ნიღაბი გვქონია, არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა. ყოველ შემთხვევაში, მოსამართლეს და პროკურატურას ამის ფაქტი არ წარმოუდგენიათ. რომელიმე ჩვენგანი თუ დაინახეთ თქვენი იქ ყოფნის დროს, რომელიმე ჩვენგანმა თუ მოგაყენათ რაიმე შეურაცხყოფა ან სხვას დაავალა და რაღაც ამდაგვარი?“ – განაცხადა ლაშა ბერიძემ.