განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა).

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

ჰ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.