განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

10:30, 19.02.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის” ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი