უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრებისთვის ორი სამუშაო დღე აქვთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრებისთვის ორი სამუშაო დღე აქვთ

განმცხადებლებს, რომელთაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ, საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორი სამუშაო დღე აქვთ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭო ე.წ. გრძელი სიის ფორმირებაზე დაიწყებს მუშაობას.

„კანონის თანახმად, ვინაიდან გამოცხადებულია 20 ვაკანსია უზენაეს სასამართლოში, ამიტომ გასაუბრებაზე უნდა დაიშვას ორნახევარჯერ მეტი, ანუ 50 კანდიდატი და უნდა შეირჩეს ფარული კენჭისყრით საბჭოს წევრების მიერ.

შერჩეულ 50 კანდიდატთან მოხდება გასაუბრება საბჭოს ღია სხდომაზე. გასაუბრების დასრულების შემდეგ, კანდიდატებს იუსტიციის საბჭოს წევრები შევაფასებთ კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით. შემდეგ ისევ ფარული კენჭისყრით მოხდება 50 კაციანი სიიდან 20 კანდიდატის შერჩევა უშუალოდ პარლამენტისადმი ნომინირების მიზნით“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დღეს 139 მსურველი დაარეგისტრირა, ხუთს კი, უარი უთხრა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დარეგისტრირებულ მსურველთა სია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.