განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ყირგიზეთთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ, ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
„დოკუმენტი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისა და ექსპერტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.