განათლების სამინისტროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
განათლების სამინისტროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, თქმით, სამინისტრო აკრედიტაციის სისტემის მოდიფიცირებას, კერძოდ, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას გეგმავს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას გულისხმობს.

თამარ მახარაშვილმა დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ეტაპები, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა განახლებული კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.

მისივე თქმით, 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება.