განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მინისტრის მოადგილეს ხვდება
განათლების სამინისტროში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრება 70-მდე პროფესორ-მასწავლებელი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
ჯაბა სამუშიას შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროფესორები თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფო იმ სახით, რა სახითაც 18-21 წლებში ჩამოყალიბდა. შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის დროს ივანე ჯავახიშვილი საქართველოში დარჩა, რათა უნივერსიტეტი შეენარჩუნებინა, ამას მაინც ვერ წამართმევენო. წაართვეს „ბოლშევიკებმა“, მაგრამ ვერ მოკლეს ის სული, რაც ქართულ უნივერსიტეტს ჰქონდა. 80-იანი წლების ბოლოს და უფრო ადრეც ეს სული თვალსაჩინოდ გამოჩნდა ამ უნივერსიტეტში. ასე რომ, თსუ ძალიან დიდი როლის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას გაფრთხილება უნდა. ჩვენს სათქმელს ვიტყვით. ერთხელ უკვე გააუქმეს ქართული უნივერსიტეტი, ეს იყო 20-იანი წლების ბოლო, 30-იანი წლების დასაწყისი. მაშინ აღადგინეს, მალევე მიხვდნენ კომუნისტები თავიანთ შეცდომას. ვნახოთ, გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ თავზე ამ გადაწყვეტილებით, რადგან ასე უცებ ამ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება მარტივი არ არის, გზადაგზა ბევრი პრობლემა წარმოიშობა“, – განაცხადა თსუ-ს პოლიტიკის მიმართულების პროფესორმა, მალხაზ მაცაბერიძემ.
მისივე თქმით, საეჭვოდ ეჩვენება განცხადებები, რომ პროფესორები არ შემცირდებიან.
„სტუდენტების რაოდენობა თუ შემცირდება და პროფესორებს საათობრივი დატვირთვა აქვთ, ცხადია, ამდენი პროფესორი საჭირო არ იქნება. საეჭვოდ მეჩვენება განცხადებები, რომ პროფესორები არ შემცირდებიან. ერთ-ერთი საკითხი, რასაც დავსვამთ, იქნება ის, რომ ცოტა ხანი დავფიქრდეთ, ვიდრე უცებ გამოვაცხადებთ გლობალურ შერწყმას. დავფიქრდეთ, ნაწილობრივი ნაბიჯები გადაიდგას – ვცადოთ, როგორ გამოვა ერთი ფაკულტეტის მეორესთან შერწყმა. თუ არ გამოვიდა, მეორე ფაკულტეტზე გადადი, კიდევ თუ არ გამოვიდა, მაშინ გავჩერდეთ“, – აღნიშნა მალხაზ მაცაბერიძემ.