განათლების სამინისტროში პროექტის - „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
განათლების სამინისტროში პროექტის - „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამწლიანი პროექტის – „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან და საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან ერთად გახსნა.

თამარ მახარაშვილმა სიტყვით მიმართვისას ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნის კუთხით ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგება.

პროექტი „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და, საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის დანერგვის ფარგლებში ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის ლიდერობის განვითარებისა და კონსულტირების ტრენინგპროგრამები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ, პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.

პროექტის „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, რესურსსკოლების, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ინკლუზიური განათლების სფეროს ექსპერტებმა.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.