განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი პირველ აპრილსაც ვერ განახლდა, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი დამთავრდება 15 ივნისს, ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი პერიოდი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა დასრულდეს.

„თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მასშიც თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს.

სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს“, – განაცხადა დგებუაძემ.